Press Release

IFC „იშბანკ საქართველოს“ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ახალ დაფინანსებას გამოუყოფს

აპრილი 15, 2024

Tbilisi Branch (10).JPG

  • IFC-ის 10 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტური ოდენობის  დაფინანსება (ევროში)  საქართველოს მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს
  • დაფინანსების დაახლოებით 20 პროცენტი განკუთვნილია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების დასაფინანსებლად, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით

 
თბილისი, საქართველო, 15 აპრილი, 2024 - საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის  დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ამაღლების და საფინანსო სექტორის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC-მ) „იშბანკ საქართველოსთან" ახალი საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, IFC „იშბანკ საქართველოს" 10 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტური მოცულობის საფინანსო პაკეტს (ევროში) გამოუყოფს.

დაფინანსებასთან წვდომა ქართული ბიზნესისთვის რიგით მესამე შემზღუდველი ფაქტორია მსოფლიო ბანკის 2023 წლის საწარმოთა კვლევის თანახმად. IFC-ისთან პარტნიორობა „იშბანკ საქართველოს" საშუალებას მისცემს გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, რაც საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს.

ფინანსური რესურსების ნაკლებობა ასევე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია მცირე ბიზნესისთვის ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, IFC-ის დაფინანსების დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ ენერგოეფექტურ და განახლებადი ენერგიის პროექტებს მოხმარდება. IFC-ის დაფინანსება „იშბანკ საქართველოს" ასევე დაეხმარება კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების სპეციალური პორტფელის შექმნაში.

„იშბანკ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ემრე ილმაზმა განაცხადა: "საქართველოს მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. IFC-ის დაფინანსება ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას გავაფართოოთ  შეთავაზებები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და გავამრავალფეროვნოთ ბანკის საკრედიტო პორტფელი სათბური აირების შემცირების ღონისძიებების პარალელურად. ეს სესხი ბანკს ენერგოეფექტურობის ამაღლების და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაში დაეხმარება."

პროექტი IFC-ის პირამიდის პლატფორმის  ნაწილია, რომელიც 1 მლრდ. აშშ დოლარის გლობალური საფინანსო ინსტრუმენტია და 2021 წელს შეიქმნა, რათა ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მცირე ბიზნესის დაფინანსებაში შეუწყოს ხელი, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

„მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებასთან წვდომა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ბევრი მცირე საწარმო კვლავ აღნიშნავს ამ მიმართულებით ძირითადი დაბრკოლებების არსებობას. ამიტომ საფინანსო სექტორის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორობა „იშბანკ საქართველოსთან" მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და საწარმოების დახმარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მდგრადობის ამაღლების და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში," აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

IFC-ის პარტნიორობა „იშბანკ საქართველოსთან" 2020 წელს დაიწყო 10 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გასაცემად და სხვადასხვა ვალუტით საპროცენტო სვოპების ხელშეკრულების გაფორმებით, რაც ბანკისთვის აქტივების და ვალდებულებების მართვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ისახავდა მიზნად.

„იშბანკ საქართველო" „თურქეთის იშბანკის" სრულ მფლობელობაშია, რომელიც უდიდესი კერძო საბანკო ჯგუფია თურქეთში და IFC-ის დიდი ხნის კლიენტიცაა. ეს პროექტი კიდევ უფრო გააფართოებს IFC-ის მტკიცე ურთიერთობებს „იშბანკის" ჯგუფთან.

IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2023 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC -მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 43.7 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org
 
თვალყური ადევნეთ IFC-ის სოციალურ მედიაში.
 
სს „იშბანკ საქართველოს" შესახებ
სს „იშბანკი საქართველო"  2012 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის „იშბანკის" შვილობილი კომპანიაა. „თურქეთის იშბანკის" მთლიანმა აქტივებმა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 83 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. „თურქეთის იშბანკი" წარმოდგენილია 1,066 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალით 5 ქვეყანაში, ისევე როგორც შვილობილი ბანკებით და  ოფისებით 6-ზე მეტ ქვეყანაში. სს „იშბანკი საქართველო" კორპორაციულ და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საბანკო პროდუქტების და სერვისების დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. www.isbank.ge.

 


Contacts

თამარ ბარბაქაძე
თბილისში
+995 32 223 43 00/01/02