IFC-მ მეფუტკრეობის სექტორს ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებასთან შესაბამისობის მიღწევაში შეუწყო ხელი.
ლაბორატორიული კვლევების გაუმჯობესებული დინამიკისა და ტრენინგების შედეგად საქართველოდან თაფლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
გივი ნინიძე, 40 წლის ოფთალმოლოგი, მეფუტკრეების ოჯახში გაიზარდა. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც 2004 წელს წარმატებულმა ექიმმა ოჯახის თაფლის ბიზნესი გადაიბარა და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. ახლა ნინიძის კომპანია თაფლის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. მისი პროდუქცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC–ის) დახმარებით უკვე ევროპაშიც გავიდა ექსპორტზე.
ბოლო წლებში საქართველომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ზრდა დაისახა მიზნად, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, რომლებშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა აქვს. თაფლი ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებებით ქვეყანას ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ევროპაში გატანის საშუალება მიეცა, თაფლის ექსპორტის მოცულობა წლების მანძილზე მაინც მცირე იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი შეუსაბამო უვნებლობის პარამეტრები იყო, რაც არასათანადო მეფუტკრეობის პრაქტიკას, განსაკუთრებით კი ვეტერინარული მედიკამენტების გაუმართლებელ გამოყენებას უკავშირდებოდა. 2017-2018 წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული თაფლის მონიტორინგის პროგრამის შედეგებმა დაადასტურა, რომ თაფლის ნიმუშების ნახევარზე მეტი ანტიბიოტიკების ნარჩენებით იყო დაბინძურებული.
გივი და ლევან ნინიძეები თავიანთ საფუტკრეში საქართველოში. ფოტოს ავტორი: ირაკლი ჯანაშია (2020).
სწორედ ამ დროს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებთან მუშაობა დაიწყო IFC-ის აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტმა, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA–სთან) პარტნიორობით ხორციელდება. IFC-ის პირველი ნაბიჯი ქართული ბიზნესის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის ძირითად სამიზნედ მეფუტკრეობის სექტორი შეირჩა. ვინაიდან თაფლი დაბალი რისკის ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელსაც ღირებულებათა მოკლე ჯაჭვი ახასიათებს, მოსალოდნელი იყო, რომ შედარებით მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი ევროკავშირის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან ქართული თაფლის შესაბამისობის მიღწევა.
IFC-მ მეფუტკრეებთან მუშაობა ტრენინგებითა და საკონსულტაციო მომსახურებით დაიწყო, რაც სექტორისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს ფარავდა, საფუტკრის მართვით დაწყებული და ახალი გადამამუშავებელი საწარმოს დაგეგმარებით დასრულებული. პარალელურად IFC და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობდნენ. თანდათანობით ანტიბიოტიკების ნარჩენებით დაბინძურებული თაფლის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი 2017 წელს ნიმუშების 56% იყო დაბინძურებული, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10%-მდე ჩამოვიდა, რაც სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ექსპორტისთვის, არამედ ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც.
2020 წლის ნოემბერში ადგილობრივი საექსპორტო კომპანია შპს „აგრო ფექტორი“ IFC–ის პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს გივი ნინიძეს დაუკავშირდა. შედეგად დეკემბრის ბოლოს ნინიძის კომპანიის მიერ წარმოებული 10 ტონაზე მეტი ქართული თაფლი იტალიაში გაიგზავნა, რაც ასეთი რეკორდული რაოდენობით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის პირველი შემთხვევა იყო. ეს წარმატება ერთგვარი მოტივაცია გახდა თაფლის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტმა 21 ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 200%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს.
2020 წლის დეკემბრის ბოლოს, 10 ტონაზე მეტი ქართული თაფლი გაიგზავნა იტალიაში ნინიძის კომპანიიდან. ფოტოს ავტორი: ირაკლი ჯანაშია (2020)
IFC-ის დახმარება ასევე მოიცავდა ინსპექტორებთან და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან მუშაობას მათი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. კონკრეტულად ლაბორატორიისთვის გაწეული დახმარება ითვალისწინებდა თაფლში კონტროლს დაქვემდებარებული ნარჩენების ტესტირების მეთოდების დანერგვას. შედეგად, 2020 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან გააფორმა ხელშეკრულება თაფლის მონიტორინგის ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში თაფლის ნიმუშების შემოწმების მიზნით. წინა წლებში კი ნიმუშებს ტესტირებისთვის უცხოურ ლაბორატორიაში აგზავნიდნენ, რაც შესაბამისად უფრო ძვირიც ჯდებოდა და მეტ დროსაც მოითხოვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, IFC განაგრძობს მუშაობას ზოგადად საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობისა და კონკრეტულად მეფუტკრეობისა და თაფლის გადამამუშავებელი სექტორებისთვის განკუთვნილი მოთხოვნების განახლებაზე. მიმდინარე პროექტი IFC–ის რეგიონული პროგრამის ნაწილია, რომელიც სხვა ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვას, სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდაში დაეხმარა.
IFC–ის მხარდაჭერა ქართული თაფლის ექსპორტის ზრდის მიზნით ერთგვარი საპილოტე პროექტია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. მოსალოდნელია, რომ ეს წარმატება სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესების მოტივაციას გაუჩენს ცხოველური წარმოშობის სხვა სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებსაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტები ევროკავშირში ექსპორტზე გავა, მათზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, სხვა ბაზრებზეც, მაგალითად ახლო აღმოსავლეთსა და აზიაშიც, გაიზრდება.
იტალიაში ნინიძის თაფლის ექსპორტის ეს პირველი წარმატება თაფლის მწარმოებლებისა და პოტენციური ექსპორტიორებისთვის კარგი მაგალითი და ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას. სულ უფრო მეტი ექსპორტიორი იჩენს ინტერესს სანდო ქართველი მეფუტკრეების პროდუქციის მიმართ.
გივი ნინიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ მას მერე რაც ევროპაში ქართულ თაფლს დააგემოვნებენ, სულ უფრო მეტი ევროპელი მომხმარებელი დაინტერესდება ქართული თაფლის შესყიდვით.
„მეფუტკრეობას ახლავს მუდმივი მოლოდინის და იმედის შეგრძნება. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად სწორედ ის მიზიდავს, რომ იმედების და მოლოდინის დიდი ნაწილი მართლდება,” ამბობს გივი ნინიძე.
დაიბეჭდა 2021 წლის აპრილში