თბილისი, საქართველო, 11 მარტი, 2021— საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოს საფონდო ბირჟა, და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქს შეუერთდნენ და თბილისში უმასპინძლეს ღონისძიებას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის". ინიციატივა ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება და წელს მიზნად ისახავს მკაფიოდ წარმოაჩინოს კავშირი გენდერულ თანასწორობას, მდგრადობასა და COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში ინკლუზიურ ზრდას შორის.
გლობალური კვლევების თანახმად, ქალის პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ეკონომიკური რესურსია, პანდემია კი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას. მსოფლიო კვლევების თანახმად, გლობალურ დონეზე, პანდემიის შედეგად ქალებში სამუშაო ადგილების დაკარგვის მაჩვენებელი დაახლოებით 1.8-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს მამაკაცებში.
მაკინზის გლობალური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ თუნდაც პატარა ნაბიჯებს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია, როგორიცაა მაგალითად 2025 წლისთვის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 12 ტრილიონი დოლარით გაზრდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში
შრომის ბაზარში ჩართულობის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67%, ხოლო ქალებისთვის 42-46%, რაც შრომის ბაზარზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიუთითებს. ხელფასის საკითხში გენდერული განსხვავებები კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები მამაკაცთა საშუალო ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს იღებენ.
საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსურმა დირექტორმა ნინო ქურდიანმა განაცხადა: „საქართველოს საფონდო ბირჟის მიზანია, ხელი შეუწყოს თანაბარი პირობების შექმნას ყველა მოთამაშისთვის და არ დაუშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია, გენდერული დისკრიმინაციის ჩათვლით. ქალთა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალთა გაძლიერებისათვის, არამედ კომპანიების მდგრადი ზრდისა და, მთლიანობაში, ეკონომიკის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს მესიჯი კომპანიებს მკაფიოდ უნდა მივაწოდოთ."
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ახლა, როგორც არასდროს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქალთა გაძლიერების პრინციპები არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორს, რათა დაეხმაროს ქალებს სამუშაო ადგილებზე, ბაზარზე და საზოგადოებაში. "
IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში თეა გიგიბერიამ განაცხადა: „ქვეყნები, რომლებიც ამცირებენ სამუშაო ადგილებზე ქალების წინაშე არსებულ ბარიერებს, ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს. ორგანიზაციები, რომლებიც ვერ ახერხებენ გენდერული ხასიათის ხარვეზების გამოსწორებას, ჩამორჩენის რისკის წინაშე დგანან. რამდენადაც პანდემიის შედეგები ქალებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკისთვის ახლა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს."
IFC თანამშრომლობს კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის შედეგად გამწვავებული გენდერული ხარვეზები. მსოფლიო მასშტაბით, IFC-მ 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო ბიზნესის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის და 4 მილიარდი დოლარი ჯანმრთელობის მსოფლიო გლობალური პლატფორმისთვის. IFC კომპანიებს კრიზისზე რეაგირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს. გენდერული ბალანსის დაცვა პრიორიტეტია IFC-ის საინვესტიციო პროექტებში. ამჟამად IFC–ის მიერ
კლიენტი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში ნომინირებული დირექტორების 49 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო ორგანიზაციის მიზანი 2030 წლამდე ამ მაჩვენებლის 50 %-ამდე გაზრდაა.
ღონისძიებას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" მხარს უჭერს შვედეთის მთავრობა და IFC-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკონსულტაციო პროგრამა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან SECO- სთან პარტნიორობით ხორციელდება.
ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" წელს მსოფლიოში მეშვიდედ
ტარდება და მისი თანაორგანიზატორები არიან IFC, საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია, საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივა (SSE), გაეროს გლობალური შეთანხმება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, და ორგანიზაცია „ქალები საბირჟო საინვესტიციო ფონდებში" (Women in ETF)".
ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ამ მიმართულებით კერძო სექტორის შესაძლებლობების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიღწევას შეუწყობს ხელს.
IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, რათა განვითარებად ქვეყნებში ბაზრების ჩამოყალიბების შესაძლებლობები შეიქმნას. 2020 ფინანსურ წელს, განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
შემოგვიერთდით:
www.instagram.com\ifc_org
საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE) შესახებ
საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას. ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.
სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე www.gse.ge.
გამოგვყევით:
https://www.facebook.com/GeorgianStockExchange/
https://www.linkedin.com/company/georgianstockexchange
გლობალური შეთანხმების შესახებ
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 160-მდე ქვეყანაში დაფუძნებულ 12 000-ზე მეტ კომპანიასა და, დაახლოებით, 4 000 არასამეწარმეო პირს.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების პლატფორმის ადგილობრივ ქსელს.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.
შემოგვიერთდით:
globalcompact.ge
Fb: GCNGeorgia
linkedin: gcngeorgia
twitter: CompactGeorgia
Instagram: globalcompactgeorgia
Sign up to have customizable news & updates sent to you.