თბილისი, 12 აპრილი, 2019 — საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის მომზადების მიზნით ითანამშრომლა. გზამკვლევი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, საფინანსო სექტორს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის რისკების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მეტი კაპიტალის მოზიდვას იმ სექტორებში და პროექტებში, რომლებიც გარემოსდაცვის და სოციალური თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას მოახდენს.
IFC-მ, მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) ერთად, (რომლისთვისაც IFC სამდივნოს და ტექნიკური მრჩევლის როლს ასრულებს) საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელი შეუწყო ახალი გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც განსაზღვრავს ბანკის მიერ განსახორციელებელ სამომავლო ღონისძიებებს საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარების მხარდასაჭერად. გზამკვლევის მიზანია სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფა, რომელიც ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასასვლელად მოამზადებს.
„მდგრადი დაფინანსება ძალზე მნიშვნელოვანია სტაბილური განვითარების მისაღწევად. წარმატებული ტრანსფორმაცია მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მტკიცე, თანმიმდევრული ქმედებების ერთდროულ განხორციელებას მოითხოვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან. ახალი გზამკვლევი თავს უყრის ღონისძიებებს, რომლებსაც ჩვენ 2017 წლიდან ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისა და რისკის მართვის პროცესებში ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობის და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ინტეგრაციას,“ განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და განვითარებად ბაზრებზე SBN-ის 36 წევრი ქვეყნის მიერ დაგროვილ გამოცდილებას ითვალისწინებს. გზამკვლევში თავმოყრილი ღონისძიებები კომერციულ ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება, რადგანაც მსოფლიოში ინვესტორებს შორის სულ უფრო იზრდება სოციალური და გარემოსდაცვის თვალსაზრისით პასუხისმგებლობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერის ტენდენცია. ასეთი პროექტების ხელშეწყობა კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის ჭრილში საქართველოში IFC-ის საქმიანობის ნაწილია.
სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა იან ვან ბილსენმა აღნიშნა: „მდგრადობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის წარმატებისთვის. მდგრადი დაფინანსების პრინციპების დაცვა ბანკებს და კაპიტალის ბაზრებს დაეხმარება მოიზიდოს მეტი პასუხისმგებლობიანი ინვესტორი და ახალ შესაძლებლობებს შექმნის დაფინანსების ისეთი წყაროების გასაზრდელად, როგორიცაა მაგალითად „მწვანე“ ობლიგაციების ემისია.“
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.88 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 60 პროექტში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან დაახლოებით 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 394 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას.
IFC-ის შესახებ
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით 2,000 ბიზნეს კომპანიასთან ვმუშაობთ და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა ხელი შევუწყოთ ბაზრების განვითარებას და შევქმნათ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2018 ფინანსურ წელს, განვითარებად ქვეყნებში 23.3 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, რითაც ხელი შევუწყვეთ კერძო სექტორს, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org .
შემოგვიერთდით:
SBN-ის შესახებ
მდგრადი საბანკო ქსელი (SBN) საფინანსო მარეგულირებლების, საბანკო ასოციაციების და გარემოს დაცვის მარეგულირებლების ცოდნის და შესაძლებლობების განვითარებაზე დაფუძნებული პლატფორმაა განვითარებად ბაზრებზე, რომელთა მიზანია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შექმნა ეროვნული კონტექსტის და პრიორიტეტების, ისევე როგორც, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. IFC ასრულებს ქსელის სამდივნოს, კოორდინატორის და ტექნიკური მრჩევლის როლს. დამატებითი ინფორმაციისთვის მდგრადი საბანკო ქსელის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.ifc.org/sbn .