ფუტკრის დაავადებების საკითხები სახელმძღვანელოში განხილულია მეფუტკრეობის ტექნოლოგიისა და ფუტკრის ბიოლოგიის ჭრილში, რაც მეფუტკრეს დაავადების კონტროლის გააზრებული პროგრამის შემუშავების საშუალებას მისცემს.
ცნობილია, რომ მეთაფლე ფუტკრები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან სამყაროში მიმდინარე ანთროპოგენური კატაკლიზმების მიმართ და კლიმატის ცვლილების ფონზე ადამიანის მიერ შექმნილ მიკროგარემოში - საფუტკრე მეურნეობაში - ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხები კიდევ უფრო მწვავედ დგას.
სახელმძღვანელო მკითხველს სთავაზობს ფუტკრის დაავადებების პრობლემის გადაჭრის მრავალმხრივ და ადვილად განსახორციელებელ მიდგომას, რათა ეფექტურად მოხდეს დაავადებათა კონტროლი და ამავდროულად სრულყოფილად შესრულდეს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები ფუტკრის პროდუქტების წარმოების მიმართ.
სახელმძღვანელო მომზადებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პროექტის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (Sida) პარტნიორობით ხორციელდება.
სახელმძღვანელოში თავმოყრილია მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვის საკითხების შესახებ ცოდნა, დამყარებული საერთაშორისო გამოცდილებაზე, და განხილულია სურსათის უვნებლობის მართვის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც აუცილებელია უვნებელი თაფლის წარმოებისთვის.
ფუტკრის დაავადებების კონტროლი მჭიდროდ უკავშირდება თავად ფუტკრის ოჯახების მოვლის მეთოდებს. ფუტკრის ცხოვრების დამოუკიდებელი, უჩვეულო ნირი მეფუტკრეობაში დაავადებების კონტროლსაც განსაკუთრებულ იერს სძენს.