Press Release

IFC სტრატეგიულ ინვესტიციას ახორციელებს “ჯორჯია გლობალ იუთილითის” მწვანე ობლიგაციებში საქართველოში 1.3 მილიონი ადამიანისთვის წყალმომარაგების მომსახურების გასაუმჯობესებლად

ივლისი 26, 2024

  • შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება 1.3 მილიონი ადამიანისთვის, რაც მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტია
  • შემცირდება წყლის დანაკარგები და წყალმომარაგების მომსახურებით 40,000 ახალი მომხმარებელი ისარგებლებს
  • გაუმჯობესდება წვდომა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე და გაიზრდება ახალი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტების გამოყენებით

თბილისი, საქართველო, 26 ივლისი, 2024 – IFC-მ საქართველოში  სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU) მწვანე ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და საერთო ჯამში 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ნაწილია, რომლის მიზანია წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება და ქვეყანაში წყალმომარაგების ქსელის გაფართოება. ეს ქართული კერძო კომპანიის მიერ ყველაზე მასშტაბურ ემისიას წარმოადგენს. პროექტი ხელს შეუწყობს 1.3 მილიონი ადამიანისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენს.

ხარისხიან წყალზე წვდომა და წყალმომარაგების ეფექტიანი სერვისების  უზრუნველყოფა საქართველოში გამოწვევად რჩება, რამდენადაც მოძველებული ინფრასტრუქტურა წყლის გაჟონვის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს (თითქმის 70 პროცენტამდე ზოგიერთ ტერიტორიაზე) და მნიშვნელოვან კაპიტალურ ინვესტიციებს საჭიროებს. მწვანე ობლიგაციების ემისია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას.

"ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU) წყალმომარაგების და წყალარინების  უდიდესი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ემსახურება. 2022 წლიდან კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი  წყალმომარაგების წამყვან გლობალურ კომპანიას Aqualia-ს  ეკუთვნის, რომელიც მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.

ობლიგაციების ემისიიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება GGU-ს არსებული სესხების რეფინანსირებისთვის კაპიტალის მდგრადი სტრუქტურის უზრუნველსაყოფად და კომპანიის მწვანე კაპიტალური ხარჯების პროგრამის დასაფინანსებლად, რომლის მიზანია წყლის დანაკარგების შემცირება, ენერგოეფექტურობის ამაღლება და 2028 წლისთვის წყალმომარაგების ქსელთან დაახლოებით 40,000 ახალი მომხმარებლის მიერთება.

ობლიგაციები წარმოდგენილი იქნება ევრონექსტის დუბლინის საფონდო ბირჟის ლისტინგში. ობლიგაციების ემისიაში ასევე მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გერმანიის  განვითარების საფინანსო ინსტიტუტი (DEG).

Aqualia-ს  ფინანსურმა დირექტორმა ისიდორო მარბანმა ხაზი გაუსვა, რომ ობლიგაციების ემისია "სხვა შედეგებთან ერთად  გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების წვდომას უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებასთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ადაპტაციას კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ. IFC-სთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება IFC-სა და Aqualia-ს შორის სხვა რეგიონებში სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც."

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს კაპიტალის ბაზარი განვითარებას საჭიროებს. 2023 წელს გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ მხოლოდ 800 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად საფინანსო ინსტიტუტების ხარჯზე მოხდა. ამიტომ  ფინანსების მოსაზიდად კომპანიები კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებს მიმართავენ. ეს ემისია საქართველოს ინფრასტრუქტურულ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე ძნელად მოსაპოვებელი დაფინანსების მოზიდვაში შეუწყობს ხელს, და ასევე კაპიტალის ბაზრების მდგრადი ინსტრუმენტების პოტენციალის დემონსტრირების შედეგად ახალ ინვესტორებს მოიზიდავს.

„ინფრასტრუქტურის განახლებაში ინვესტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში წყალმომარაგების მომსახურების გასაუმჯობესებლად. IFC-ის სტრატეგიული ინვესტიცია მწვანე ობლიგაციების ამ ემისიაში ნაწილია ჩვენი საქმიანობისა, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და ათასობით მოქალაქისთვის ძირითადი მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პარალელურად ეს პროექტი კლიმატზე ორიენტირებულ  პროექტებში კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს," განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

კერძო სექტორის გასაძლიერებლად IFC-მ საქართველოსთვის 1995 წლიდან გრძელვადიანი დაფინანსების სახით დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.  ამ თანხიდან დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული 62 პროექტისთვის საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. გარდა ამისა, IFC-მ 394 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.


IFC-ის შესახებ


IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2023 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC -მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 43.7 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org და www.ifc.org/water.

თვალყური ადევნეთ IFC-ის სოციალურ მედიაში.

 
"ჯორჯია გლობალ იუთილითის"  შესახებ

კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU) მართავს წყალმომარაგების სისტემებს თბილისში, მცხეთასა და რუსთავში და ახორციელებს ენერგოობიექტების ოპერირებას. GGU ფლობს 149 მეგავატი მთლიანი დადგმული სიმძლავრის მქონე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს. მათ შორისაა ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე წყალსაცავია. 2022 წლიდან კომპანიის აქციების 80%  ევროპის წყალმომარაგების ბაზრის წამყვანი ესპანური კომპანიის FCC Aqualia-ს მფლობელობაშია, ხოლო 20% საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანია „საქართველოს კაპიტალს" ეკუთვნის. GGU მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მწვანე ინიციატივებზე და სტრატეგიულ ინვესტიციებზე წყალმომარაგების და ენერგეტიკის სექტორებში.


Contacts

თამარ ბარბაქაძე
თბილისში
+995 32 223 43 00/01/02