Press Release

IFC საქართველოს ბანკს ლარში დენომინირებულ ფინანსურ რესურსს გამოუყოფს მცირე ბიზნესის და ქალ მეწარმეთა დაფინანსების მიზნით

ნოემბერი 2, 2020
თბილისი, 6 თებერვალი, 2020 —საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოს ბანკს 100 მლნ ლარის (დაახლოებით  35 მლნ. აშშ დოლარის) მოცულობის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს, რაც მცირე ბიზნესისა და ქალი მეწარმეების დაფინანსების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ინვესტიცია ხორციელდება „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის მხარდაჭერით, რაც IFC–ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივაა და ქალი მეწარმეებისთვის კაპიტალზე წვდომას უწყობს ხელს.
IFC–ის შეფასებით, 2017 წლის MSME დაფინანსების დეფიციტის ანგარიშის მიხედვით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების დეფიციტი საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი  ქალთა მფლობელობაში არსებულ საწარმოებზე მოდის. IFC-ის ინვესტიციის მიზანია ხელი შეუწყოს ამ საკითხის გადაწყვეტას, რისთვისაც საქართველოს ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლარით დაკრედიტებისთვის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ამ თანხის მეოთხედი ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოებისთვის იქნება გამიზნული. ბოლო ექვს თვეში IFC–იმ საქართველოს ბანკს უკვე მეორე სესხი გამოყო. გასული წლის აგვისტოში, IFC–იმ „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის მხარდაჭერით, 100 მლნ ლარის სესხი გამოყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ აღნიშნა: „საქართველოს ბანკი IFC-თან ერთად კვლავ აგრძელებს ადგილობრივ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმისათვის, რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების საიმედო მხარდამჭერები არიან. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს.“
IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა განაცხადა: „ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითრებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულის - ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტას. პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მთავარი ხერხემლის - მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზაზე.“
IFC კერძო სექტორისთვის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, მსოფლიო ბანკი კი მთავრობასთან მუშაობს, რათა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაუადვილოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების, კაპიტალის ბაზრისა და საფინანსო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის გზით.
„ქალ მეწარმეებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ამიტომ ვუწყობთ ხელს ქალებისთვის განათლებაზე და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას,” განაცხადა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა შარლოტა კინანმა. „მოხარული ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აფართოებს ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესის დაკრედიტებას და ხელს უწყობს საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარის ფინანსური დეფიციტის შემცირებას.”
პროგრამა  „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ IFC-იმ საბანკო სერვისების ქალთა პროგრამის და Goldman Sachs-ის ინიციატივის ფარგლებში „10,000 ქალი“ 2014 წელს შეიმუშავეს.  დღეისათვის ამ პროგრამის ფარგლებში IFC-იმ განვითარებად ქვეყნებში 53,000-მდე ქალი დააფინანსა მთლიანობაში 1.76 მლრდ. აშშ დოლარით.
საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.98 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 61 პროექტში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან დაახლოებით 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-იმ 394 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა  საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას.
IFC-ის შესახებ
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 2,000 მეტ ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს და გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2019 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში რეკორდულ, 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც  მიმართულია კერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს  უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org .
შემოგვიერთდით:
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ შესახებ  
„საქართველოს ბანკის ჯგუფი“ („საქართველოს ბანკის ჯგუფი“, „ჯგუფი“ ან „BOGG“, ლონდონის საფონდო ბირჟაზე: BGEO LN), გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანიაა. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს: ა) საცალო საბანკო მომსახურებასა და გადახდების მომსახურებას; ბ) კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი ქონების მართვის ოპერაციებს, და გ) საბანკო ოპერაციებს ბელარუსში (BNB). სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“ („საქართველოს ბანკი“, „სბ“ ან „ბანკი“) წამყვანი უნივერსალური ბანკია საქართველოში. საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფონზე, საცალო საბანკო, ასევე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო სერვისების მეშვეობით, ჯგუფის სტრატეგია დაფუძნებულია მინიმუმ 20%-იან მომგებიანობაზე (ROAE) და სესხის პორტფელის  დაახლოებით 15%-იან ზრდაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ   www.bankofgeorgiagroup.com
Goldman Sachs-ის ინიციატივა „10,000 ქალი“
Goldman Sachs-ის პროგრამა „10,000 ქალი“ მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას და  ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესისა და მართვის სფეროში განათლებაზე და კაპიტალზე წვდომას უწყობს ხელს. ამ ინიციატივამ  100-ზე მეტი ქვეყნის ქალი მეწარმე მოიცვა აკადემიური, არაკომერციული და საბანკო პარტნიორების ქსელის მეშვეობით. 2014 წელს Goldman Sachs-მა IFC-სთან ერთად  ახალი გლობალური პროგრამა „10,000 ქალი“ შეიმუშავა, რითაც კიდევ უფრო მეტ მეწარმე ქალს მისცა წვდომა  დაფინანსებაზე. მეათე წელია სასწავლო პროგრამა  „10,000 ქალი“ ხელმისაწვდომია „ონლაინ“ რეჟიმში Coursera-ს საშუალებით, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბიზნესის სფეროში განათლების დონის ასამაღლებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის Goldman Sachs-ის მიერ ქალი მეწარმეების დაფინანსების შესახებ იხ.     https://www.goldmansachs.com/citizenship/10000women/

Contacts

თამარ ბარბაქაძე, IFC
თბილისი
+995 32 223 43 00/01/02
ნიუ იორკი (Goldman Sachs) პატრიკ სკანლანი
+1 212 902 6164